ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების მომატების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, გადაიდო

846

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების მომატების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, კვორუმის არარსებობის გამო, ვეღარ ჩატარდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

2017 წლის მოწვევის საკრებულოს, დღეს ადგილობრივი თვითმართველობის მაღალი რანგის მოხელეების თანამდებობრივი სარგოები უნდა განესაზღვრა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, რადიო ჰერეთთან ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა.

” ვერ გეტყვით, მიზეზები ობიექტურია, თუ სუბიექტური, ჩემთან საუბარში, დეპუტატები, ობიექტურ მიზეზებს ასახელებენ. ხელფასების მატების გარდა, სხვა საკითხებიც გვქონდა, თუმცა ეს საკრებულო ალბათ ვეღარ მოასწრებს განხილვას, რადგან 3 დეკემბერს უკვე ახალი შეიკრიბება”- განაცხადა ჯამბურიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ევა ლომთაძე განმარტავს, რომ ” ქართული ოცნების” ბევრმა წარმომადგენელმა საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა აღარ აიღო.

” ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ძველი წევრები არ ჩაყვნენ ამათ პოლიტიკურ უსაქციელობაში და დღეს სხდომას არ დაესწრნენ. თავადაც იციან, რომ მორალურად ეს არის გაუმართლებელი. სხდომაზე მივიდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ახალ საკრებულოში მოხვდა. ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვიყავით, რომ პროტესტი გამოგვეხატა,”– განაცხადა ლომთაძემ.

დღეს საკრებულოს სხდომა გადაიდო სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის. ხელფასების მომატების საკითხი უნდა განხილულიყო.