ნაცვლიშვილი: ტიკარაძე სამთავრობო გუნდს უნდა გადაეყენებინა და თავადაც გაჰყოლოდა უკან

367

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ძალიან ყვიროდა ტიკარაძის დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს მთლიანად 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდის მართვის კუთხით არსებული ვითარების გამო ტიკარაძე უნდა გადაეყენებინათ და უნდა გადამდგარიყო მთლიანად სამთავრობო გუნდი.

„ერთ-ერთი მთავარი ფორმულა, რომელიც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შევთავაზეთ საზოგადოებას, ეს არის კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა რომ ყოფილიყო საქართველოში, ტიკარაძისნაირი კადრი ვერ დაიკავებდა ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას, როგორიც არის ჯანდაცვის მინისტრი და იმ შემთხვევაში თუ დაიკავებდა, აქამდე საკუთარი ნებით კი არ დატოვებდა მას, კოალიციური ხელისუფლება გაუშვებდა ასეთ მინისტრს, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისად გაბედული და დროული ნაბიჯები სამთავრობო გუნდთან ერთად იმისთვის, რომ გადარჩენილიყო ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლე. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ძალიან ყვიროდა მისი დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს მთლიანად 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო. მან ამაზე არაფერი თქვა და ეს დუმილი ამ საკითხზე იყო ყველაზე უფრო ხმაურიანი მისი გადადგომის განცხადებაში. ის თავისი ნებით კი არ უნდა მიდიოდეს, ის უნდა გადაეყენებინა სამთავრობო გუნდს და თავადაც უნდა გაჰყოლოდა უკან. როცა გიკვდება შენი არაკომპეტენტურობის, პოპულიზმის და უცოდინარობის გამო 12 000 მოქალაქე და თავად აღიარეს, რომ თუნდაც ერთი ზომა თვეების წინ რომ გაეტარებინათ, ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა, ეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სიტყვებია, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ვერ გაუმკლავდა კრიზისს და ამის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტიკარაძე შესაძლოა, ლევან რატიანმა შეცვალოს და აღნიშნა, რომ ამ პირობებში მნიშვნელოვანი არ იქნება ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, რადგან შესაცვლელია კოვიდის მართვის მიდგომა.

„ჩვენ არასდროს მიგვაჩნდა და არ მიგვაჩნია, რომ ისეთ მძიმე გამოწვევასთან ბრძოლა, როგორიც არის პანდემია, არის ერთი კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ამ ბრძოლაში წარმმართველი, ლიდერულ პოზიციაზე, მაგრამ აქ არის მთელი სამთავრობო გუნდის პასუხისმგებლობა. მე კონკრეტულ სავარაუდო კანდიდატს, ვისზეც მეკითხებით, არ შევაფასებ, ცხადია, მის შესახებ საზოგადოებაში არსებობს დადებითი სენტიმენტები. მართალია ჯანდაცვის მინისტრი არის მთავარი ამ ბრძოლაში, მაგრამ მთელი სიავის ან პროგრესის მხოლოდ ერთ მინისტრზე დაკისრება არ იქნება სწორი, რადგან რა გამოდის, რომ მხოლოდ ტიკარაძემ შეიწირა 12000 ადამიანის სიცოცხლე და სად იყო ამ დროს სამთავრობო გუნდი? ამიტომ მხოლოდ ერთი მინისტრის გამოცვლით თუნდაც, უკეთესი კანდიდატის შემოთავაზებით მთავრობა ვერ ჩამოირეცხავს პასუხისმგებლობას იმ უმართაობისთვის, რასაც თავად კოვიდის მართვას უწოდებენ, მაგრამ შედეგი არის 12000 გარდაცვლილი ადამიანი,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.