ბაკურიანში 2023-ის სნოუბორდის ჩემპიონატის მომზადებაზე 155 მილიონი დაიხარჯება

495

ბაკურიანში სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფოს 155 მილიონ ლარზე ძვირი დაუჯდება. ამის შესახებ 2023 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, პროექტის დაფინანსებაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” და მთის კურორტების განვითარების კომპანია შპს “მთა”.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, პროექტი გათოვლიანების სისტემის და ხელოვნური ტბების მშენებლობას მოიცავს.

ბაკურიანში ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარების იდეა წინა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის; შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 2017 წელს მიიღო, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის თანხმობა და ღონისძიების გამართვის შეთანხმება ქვეყანამ 2019 წლის 24 აგვისტოს გააფორმა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ჩემპიონატის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ჩემპიონატი 2023 წლის მარტში გაიმართება.