ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია შეიქმნა. დეპუტატების რაოდენობის სიმცირის გამო, ფრაქციის გარეშე დარჩა “გახარიას” და “ევსაქების” წარმომადგენლები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბესიკ ბლიაძე იქნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი სამსონ ბალიაშვილი.
2021 წლის მოწვევის საკრებულოს ორი წევრი პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმოადგენს, ერთი კი „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“. აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა ფრაქცია ვერ შექმნეს, რადგან ამისთვის სამი წევრია საჭირო.
გაერთიანდება თუ არა ორი ოპოზიციური პარტია ფრაქციის შესაქმნელად ამ ეტაპზე უცნობია.
„საკრებულოს არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, არც კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებაში. მართალია ჩვენ ორნი ვართ და ჩვენი ხმა ბევრს არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ვთვლით, რომ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საჭირო იყო, რათა გამოგვეხატა ის მდგომარეობა, რაც ჩვენ შეგვიქმნეს წინასაარჩევნოდ, ამით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. ვფიქრობთ ფრაქციის შექმნაზე, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რამე სიახლე იქნება გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, მარინა აბულაძემ.
ახალციხის საკრებულო 39 დეპუტატისგან შედგება, 13 მაჟორიტარიდან, 12 ქართული ოცნების, ხოლო ერთი ევროპული საქართველოს წევრია.
პროპორციული სიით კი, 16 ქართული ოცნების, 2 გახარიას და 8 ენმ-ს წევრია შესული.