“გამიჭირდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ბრძოლა” – წულუკიანი გელათზე

382

სკამებმა და სკამზე მჯდარმა ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა, რომლებიც დღეს აქ ბევრს საუბრობენ, გააკეთეს ისე, რომ მოიშალა ყველანაირი ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემა – გელათის მძიმე მდგომარეობა კულტურის მინისტრმა წინა ხელისუფლებას, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტოს ძველ ხელმძღვანელობას დააბრალა. მისივე თქმით, ხარვეზიანი იყო გელათის რეაბილიტაციის პროექტიც:

“მიზეზები იყო ის, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი და არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მათ შორის არც იმ ორგანოებმა, რომელსაც პირდაპირ ევალებოდა ზედამხედველობა, ვგულისხმობ პირველ რიგში, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აღარ არის თანამდებობებზე. მეორე პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების მიერ ძეგლზე მუშაობა, ვინაიდან გეწყინებათ ალბათ, მაგრამ უნდა ვთქვა – წინა ხელისუფლების დროს ძეგლთა დაცვის სისტემა სრულად მოიშალა. ვინც კომპეტენტური იყო, ისინი ჩარეცხეს ასაკიდან გამომდინარე და მე მომიწია სანთლით მეძებნა ის ადამიანები და ის ჯგუფი, რომელსაც მე რჩევას ვეკითხები და შევკრიბე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან ყველანი 70-ის და მეტი ასაკის, არაერთი მათგანი 90 წლისაც, მაგრამ ენერგიული და ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული დეფიციტია პროფესიების და ამას უკვე მივყავართ იმ სახელოვნებო განათლების რეფორმასთან, რომელზეც მოგვიწევს საუბარი” ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, “გაუჭირდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ბრძოლა” და “შეგნებინება, რომ არ შეიძლება ძეგლზე მუშაობდეს უბრალო მუშა”.

“შენიშვნა სწორია, რომ 2012-დან 2021 წლამდე გავიდა დრო და შესაძლებელი იყო ამის გასწორება უფრო მალე. ძალიან ლეგიტიმური კრიტიკაა, მაგრამ არ მომერიდება და ვიტყვი – მინისტრის სტატუსითაც კი, მე გამიჭირდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ბრძოლა და მათთვის იმის შეგნებინება, რომ არ შეიძლება ძეგლზე მუშაობდეს უბრალო მუშა, რომელმაც შეიძლება გაგირემონტოთ შინ სამზარეულო. ეს იყო სისტემა, რომელიც როგორც კორპორატიული კულტურით ებრძოდა ყველანაირ სიახლეს ამ მიმართულებით. ვიცი, რომ ეს ხელმძღვანელობა, რომელიც მე ვიცი, რომ დეპუტატის ზარებსაც სწრაფად პასუხობდა, შეცვალა ახალმა მინისტრმა.” – ამბობს წულუკიანი