თეა წულუკიანი გელათზე: ვშიშობ, რომ კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბით იქნება თავის დროზე მოსახსნელი

400

ვშიშობ, თუმცა ვიდრე დასკვნა არ იქნება, ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბით იქნება თავის დროზე მოსახსნელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომას „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი სამინისტროსთვის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწვევა არის გელათის სახურავის საკითხი.

„თუ სახურავი მოსახსნელი იქნა და 90%-ით ეს ასეც იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ამას კიდევ აიტანდა კაცი, ტექნიკურადაც ეს არის ძალიან მძიმე. კვლევითი სამუშაოები ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, რომ დადონ რეალური გამოსავალი, რომელიც არის კომპლექსური და გრძელვადიანი სტრატეგია და ამის შედეგად შემუშავდეს პრობლემების აღმოფხვრის პროექტი.

კითხვა, რომელსაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ და მათაც არ აქვთ პასუხი, რადგან კვლევები უნდა გაგრძელდეს. შეგვიძლია თუ არა ჩვენ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო ისე, რომ უკვე დაზიანებულმა კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს? ვიბრაციამ შეიძლება ეს დააზიანოს. სხვათა შორის, როდესაც ვსაუბრობთ ბოქლომზე, ეს თქვენი გამოგონილია. გელათი დაბოქლომებული არ გახლავთ, გელათი ღიაა. ის მაშინ იკეტება, როდესაც შიგნით სპეციალისტები მუშაობენ, რადგან ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები მიუვარდებიან ხოლმე სპეციალისტებს და აქვთ მცდელობა, რომ ავიდნენ ხარაჩოებზე და როგორც ამ პარლამენტის დერეფნებში დარბიან, ასე ირბინონ ამ ხარაჩოებზე. არადა, ჩვენი ექსპერტების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ იქ იყოს რაც შეიძლება ნაკლები ვიბრაცია, რადგან კედლის მხატვრობამ ამის გამო არ განიცადოს ჩამოქერცვლა ან უარესი, ცვენა“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლოს განხორციელებულმა სამუშაოებმა კედლის მხატვრობის ნაწილი განადგურებას გადაარჩინა.

„ბოლო დროს სამუშაოები განხორციელდა კედლის მხატვრობის იმ ნაწილებზე, რომელიც რომ არა ეს ჩარევები, რომლებიც განხორციელდა, იყო დაღუპული, რადგან რამდენიმე დღეში ან კვირაში ჩამოცვივდებოდა და მათ არ ჰქონდათ იმის დრო, რომ ეცადათ რა დასკვნას დადებდნენ იტალიელები.

მათივე რეკომენდაციით და მათთან შეთანხმებული ტექნოლოგიით, ბატონი მერაბ ბუჩუკურის ძალიან გამოცდილმა ჯგუფმა საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი საბჭოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განახორციელა ე.წ. გადარჩენის სამუშაოები და დღეისათვის გადარჩენილია კედლის მხატვრობის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და, პირველ რიგში, მაცხოვრის სახე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ძეგლის არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება და დიდხანს გაძლებს მანამდე, ვიდრე კომპლექსური და გრძელვადიანი სტრატეგია და გეგმა დაიდება.

„ერთ-ერთი ტელევიზია ამბობდა, „სკოჩით“ გადააკრესო, ეს არ იყო “სკოჩი” და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო იმ ჯგუფისათვის, რომელიც მუშაობდა. ეს აღმოჩნდა იაპონური ქაღალდი, რომელსაც ყველა ქვეყნის რესტავრატორი იყენებს, მაგრამ ამ ტიპის ე.წ. გადარჩენითმა სამუშაოებმა ვერ გვაჩვენა შედეგი, რადგან ეს ქაღალდი რამდენიმე კვირაში ჩამოცვივდა და ჩვენ კვლავ დავდექით ამ ნაწილების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამიტომაც, ერთი ტექნოლოგია შეიცვალა მეორე მეთოდით, რომელიც იტალიელ ექსპერტებთან შეთანხმდა. აქ საუბარი არ არის რაიმე ტიპის საბოლოო სამუშაოებზე.

ვფიქრობ, ეს ის თემაა, სადაც შეგვიძლია, რომ ვისაუბროთ პოლიტიკის გარეშე, თუმცა, თუ პოლიტიკაზე მოგინდათ საუბარი, არც ეს არის პრობლემა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.