თელავის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროტესტის ნიშნად კენჭისყრის არცერთ პროცედურაში მონაწილეობას არ იღებს

451

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად კენჭისყრის არცერთ პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

აღსანიშნავია, სხდომის დაწყებისას, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ადგილზე, ბათუმის საკრებულოში ახლად არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანეს.

„ეს არის წინასწარ დადგმული სპექტაკლი და ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაადურ რევაზიშვილმა.

სხდომა გახსნა თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები წარადგინა.

შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს 22 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ერგო, 16 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი მანდატი კი გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.