ზუგდიდში საკრებულოს სამანდატო კომისიის წევრობაზე ოპოზიციამ უარი თქვა

366

ზუგდიდის საკრებულოში, სამანდატო კომისია აირჩიეს. მისი წევრები არიან თამუნა ჯიქია, სანდრო სორდია და ნანა ხუფაცარია. წევრობაზე უარი თქვა ენმ-მ და “გახარია-საქართველოსთვის” დეპუტატებმა. ამის შესახებ რაივპრესი წერს.

ენმ-ის წარმომადგენელ თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ისინი არ აპირებენ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას, გარდა მეოთხედ დასმული საკითხის, საკრებულოს ლეგიტიმაციის.

“მხოლოდ უფლებამოსილების საკითხს ვუყრით კენჭს. ეს არის ჩვენი პოზიცია”, – აღნიშნა მან.

“გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელ გიგა ფარულავას თქმით, ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ. მისი თქმით, ისინი რიგ მუნიციპალიტეტებში გადამწყვეტი ხმის უფლებით არიან წარმოდგენილები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ მხარი დაბალანსებულ მმართველობას დაუჭირა.

გიგა ფარულავას განცხადებით, პარტიამ “საქართველოსთვის” არჩევნების დასრულებიდან მალევე შესთავაზა ორივე პოლიტიკურ პარტიას, ღია და გამჭვირვალე განხილვის გზით, აერიდებინათ ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისი. რა მიზეზითაც უარი თქვეს საკრებულოებში თანამდებობებზე და შესთავაზეს პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, რაზეც გამოხმაურება არ იყო არცერთი პარტიიდან.

“შესაბამისად, ჩვენ უარს ვაცხადებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. ჩვენგან არ იქნება წარმოდგენილი სამანდატო კომისიის წევრი. ჩვენ ვცნობთ რა თქმა უნდა საკრებულოს შემადგენლობას. დაგელოდებით თქვენ და ვაცხადებთ კიდევ ერთხელ, ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება ქალაქის ინტერესებს, მზად ვართ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქს წაადგება”, – აღნიშნა მან.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიონ. ასევე, ცნონ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება.

ქვეყნის მასშტაბით ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მეხუთე მოწვევის საკრებულოში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. 22 მანდატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი, 20-ით “ქართული ოცნება”, ხოლო 3-ით “გახარია – საქართველოსთვის”.