ქალაქ ვალის N1 საბავშვო ბაღის თანამშრომელმა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, უკანონო გათავისუფლებისთვის უჩივლა. ყოფილი თანამშრომელი საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ 2012 წლიდან მუშაობდა, ის სამსახურიდან მიმდინარე წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„სარჩელი 15 ოქტომბერს შევიტანეთ, 15 სექტემბერს ლატავრა ქვეყანაში არ იმყოფებოდა, გათავისუფლების ბრძანება მამამისს ჩააბარეს. ბრძანების მიხედვით, გათავისუფლების მიზეზი 3 სექტემბრის ურთიერთობაა, თუმცა ჩემთვისაც უცნობია ეს რას ნიშნავს ამიტომ ვერ გეტყვით. ალბათ სასამართლოზე განმარტავენ რა იგულისხმეს ამ ურთიერთობაში“, – გვითხრა მოსარჩელის ადვოკატმა, ეკა აბაშიძემ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ლატავრა ჯანაშვილის გათავისუფლების შესახებ არ საუბრობენ. „სამხრეთის კარიბჭე“ გათავისუფლების მიზეზის გასარკვევად გაერთიანების ხელმძღვანელს მარინა მერაბიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
ლატავრა ჯანაშვილი მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია, ვინც
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას სასამართლოში უჩივლა. მიმდინარე წელს საჩივრით სასამართლოს მიმართა ააიპ-ის იურისტმა მარინა აბულაძემ და N1 ბაღის აღმზრდელმა, მარინა ლალუაშვილმა, რომელმაც დაწესებულებას სასამართლოში დავა მოუგო.