ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა

413

ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა, – ასე შეაფასა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, პარტია “ლელოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს მომხდარი დაპირისპირება.

როგორც სიორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებას შეეძლო საკრებულოს პირველი სხდომების უფრო ადრე ჩატარება და დაპირისპირების თავიდან აცილება.

„მოგეხსენებთ, კანონით არის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა არჩევნების საბოლოო შეჯამებამდე, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია, მოწვეული იყოს საკრებულოს პირველი სხდომა. ეს ნიშნავს, რომ მეორე დღესვე არის შესაძლებელი საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა და შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების დაწყება. მორიგ ჯერზე გავხდით იმის მოწმე, რომ კანონს ფორმალურად ვიყენებთ და არ ვაქცევთ ყურადღებას იმ მიზანშეწონილობას, რომელიც ამ დაძაბულ პოლიტიკურ ველზე, ჩვენს ქვეყანაში არის. ეს რომ მომხდარიყო 14-15 ნოემბერს, რაც კანონით შესაძლებელი იყო, ჩვენ არ მივიღებდით იმ შედეგს, როდესაც ძველი მოწვევის საკრებულო მსჯელობს ისეთ საკითხებზე, რომელიც არა იურიდიულად, არამედ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ახლად არჩეული საკრებულოს პრეროგატივაა, მაგალითად, ბიუჯეტის დამტკიცება. შესაბამისად, ეს არის უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მოქმედება. ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის ნება უგულვებელყოფილია“, – განაცხადა სიორიძემ.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილი ვითარება დაძაბულობას ზრდის და პოლარიზაციის ხარისხს აღრმავებს.

„სამწუხაროდ, ეს ისევ იმ ოპერის გაგრძელება არის, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობას და პოლარიზების გაღრმავებას ჩვენს საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ეს არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის ნაწილი ძალაუნებურად საარჩევნო პროცესიც არის. შესაბამისად, ასე სიტუაციის გამწვავება კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ერთ სცენარს ემსახურება – ეს არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედება“,- განაცხადა სიორიძემ.

მისი შეფასებით, ნებისმიერი ძალადობა აზიანებს როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდსაც.

„ყოველთვის, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არჩევნები დაინიშნა და მეორე ტურის დროსაც მომხრე ვიყავი, საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჩაკეტილიყო ვიწრო პროცედურულ ჩარჩოებში და ის შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელიც მას აქვს, გამოეყენებინა სწორედ იმ მიზნით, რაც არჩევნებს აქვს. ეს არის სტაბილური პოლიტიკური გარემოს დამკვიდრება, პოლარიზაციის არა გაღრმავება, არამედ შემცირება. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები არათუ არ გადაიდგა, არამედ სწორედ საპირისპირო მიმართულებით მიდიან“,-განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულებმა 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოების შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.