ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 117 ათასი ლარით განისაზღვრა

765

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 117 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს.

,,2022 წლის ბიუჯეტში ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. პრიორიტეტების მიხედვით ჩვენ შევძლებთ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებასა და ქალაქის სწორ განვითარებას“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება შემდეგნაირად განაწილდება: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 105 373 300 ლარი, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 21 924 900 ლარი, განათლება – 27 855 100 ლარი, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 12 721 600 ლარი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 18 408 600 ლარი, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება – 2 010 000 ლარი, მუნიციპალური სერვისების განვითარება – 7 906 700 ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.