ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა

784

ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ბიუჯეტი მორგებულია სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე. მათი თქმით, ბიუჯეტი არის ხალხზე ორიენტირებული.

ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.

ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. ქადამაძეს საკრებულოს ტერიტორია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.