22 ნოემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომლის საერთო მოცულობა 5 მილიონ 306 ათასი ლარით განისაზღვრა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელქიძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტი 520 ათასი ლარით გაიზრდება.
„ბიუჯეტში მხოლოდ მატებაა, ხარჯების შემცირება არ მომხდარა. გაწერილია გეგმები. პრიორიტეტები არის ისევ და ისევ წყალი, როგორც სასმელი, ისე სარწყავი. ასევე გზები, გარე განათება და.ა.შ“,–ამბობს ის.
მისივე განმარტებით, მომავალ წელს სახელფასო ფონდის გაზრდაც იგეგმება, თუმცა აღნიშული ცენტრალური მთავრობის მხრიდან არის დაანონსებული.
„ხელფასების ზრდა დაანონსებულია ცენტრალური მთავრობიდან, რაც გარკვეული კოეფიციენტების მიხედვით მოხდება. ამ ეტაპზე თანამშრომლების მატება არ იგეგმება“,– აცხადებს მამუკა მელიქიძე.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურაზე თანხები ასეა გადანაწილებული:
- ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 988 ათასი ლარი;
- საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 200 ათასი ლარი;
- კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია– 710 ათასი ლარი;
- წყლის სისტემების რეაბილიტაცია ექსპლუატაცია – 150 ათასი ლარი;
- გარე განათების რებილიტაცია და ექსპლუატაცია – 350 ათასი ლარი;
- ა(ა)იპ გარე განათება – 120 ათასი ლარი;
- გარეგანათების ექსპლუატაცია – 230 ათასი ლარი;
- სარწყავი არხების მოწყობა–რეაბილიტაცია – 210 ათასი ლარი;
- ბინათმშენებლობა – 0 ლარი;
- მდინარის ნაპირსამაგრი სამუშოები– 0 ლარი;
- საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა – 78 ათასი ლარი;
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში დაფინანსება გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით:
გარეგანათების დაფინანსება გაზრდილია 10 ათასი ლარით; სარწყავი არხების მოწყობა–რეაბილიტაცია 20 ათასი ლარით; 69 ათასი ლარით არის გაზრდილი დასუფთავებისა და გარემოს დაცვითი კუთხით დაფინანსება; სასპორტო გაერთიანების დაფინანსება გაიზრდა 5 ათასი ლარით; სახელოვნებო–სამუზეუმო გაერთიანების დაფინანსება 5 ათასი ლარით სახელოვნებო სკოლების დაფინანსება 13 ათასი ლარით; სოციალური უზრუნველყოფის კომპონენტი 15 ათასი ლარით, მათ შორის სასადილოს დაფინანსება 10 ათასი ლარით და შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის დაფინანსება 5 ათასი ლარით; მმართველობა და საერთო დანიშნულების მუხლი 200 ათასი ლარის ოდენობით;
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, თავი მხოლოდ ერთმა მათგანმა შეიკავა. მამუკა მელიქიძის განცხადებით, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტი გარკვეული შენიშვნებით მერიას უკვე გადაუგზავნეს.
საკრებულოს სხდომისას დეპუტატები ასევე გაეცნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს, რომელიც 2022–2025 წლებისთვის არის განსაზღვრული.
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და შენიშვნების წარმოდგენა დაიტნერესებულ მოქალაქეებს, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შეუძლიათ.