“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 15 ნოემბერს მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას, დღეს შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და იქ შიმშილობის შეწყვეტას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა15 ნოემბერს დაიწყო ხუთმა პირმა. მათ შორის ოთხი – მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია და დარიკო არქანია ახლადარჩეული საკრებულოს წევრია. მეხუთე, მალხაზ ჯალაღონია კი პარტიის მხარდამჭერი. ის 2020 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიობის კანდიდატი იყო ენმ-დან.
სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის აქცია პირველად “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ პარლამენტარები, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრები. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ. ამასთან დღეს ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას აქციის დაწყებიდან მეჩვიდმეტე დღეს წყვეტს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მან მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება დაასახელა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
18 ნოემბრის საღამოს მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ-რეანიმატოლოგმა კი აღნიშნა, რომ პაციენტი კოტაქტურია, და რომ ეს იყო მცირე ხნით გონების დაკარგვა. მიზეზი კი სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოხდეს. მათი დასკვნით, ასეთ პირობებს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების კლინიკა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, არ აკმაყოფილებს.
19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით იცავენ არა მარტო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ამჟამად შიმშილობს, მათ ჯანმრთელობას.
მინისტრმა ოპოზიციური პარტიები გააფრთხილა, რომ პატიმრის გადაყვანისას ნებისმიერი სახის ხელის შეშლის მცდელობისას, პატიმარს დააბრუნებენ #18-ე დაწესებულებაში.