ახვლედიანი: 2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში

357

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, 2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისით.

კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. პროგრამით, 2020-21 წლებში, ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება განათლებას, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედებული უნიკალური საგანმანათლებლო მექანიზმის, ისევე როგორც განათლების სფეროში დანერგილი სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. დაწყებულია მუშაობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ განათლების შესაძლებლობები, მათ შორის წვდომა პროფესიულ განათლებაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს,“- განაცხადა ახვლედიანმა.