“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება რამდენიმე პრობლემას შეიცავს.
ორგანიზაციის განცხადებით, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახლად არჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიიღოს იგი.
ახლად არჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის. ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა ფაქტიურად პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების გაგრძელებაა, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა” და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე “ნაბიჯს ვერ გადადგამდა”. როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახლად არჩეული საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციააა, როდესაც საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი. თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას.
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახლად არჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია. ეს დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გააპროტესტა ახალარჩეული საკრებულოს 4 წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა ისინი სხდომათა დარბაზიდან საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა.
მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა და ახლად არჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.