პრეზიდენტი: ზოგი ოფიციალური პირის გამომწვევი განცხადებები საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს

334

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში მეტ გაუგებრობას, დაძაბულობასა და გაღიზიანებას იწვევს. ზურაბიშვილის თქმით, ამ ვითარებაში კომენტარები მოზომილი უნდა იყოს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, მაქსიმალურად იყოს გააზრებული.

“არ შეიძლება ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში მეტ გაუგებრობას, დაძაბულობასა თუ გაღიზიანებას იწვევს. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირისპირების მცდელობები. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.