ვნახოთ ვინ ვის დაღლის და ვნახოთ როდემდე ჩადგება აქ პოლიციის გაძლიერებული კორდონი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომელიც პოლიციამ მოშიმშილეებთან ერთად ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.
მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას არალეგიტიმური საკრებულოს წევრები აპირებენ, რაც მისი მტკიცებით კანონდარღვევაა.
წითლიძე ამბობს, რომ ის, მოშიმშილე პირებთან ერთად საკრებულოს სხდომათა დარბაზის დაკავებას კვლავ აპირებს.
“მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალის გამოყენებით გამოათრიეს მოშიმშილეები და გამომათრიეს მე, მაინც ვაპირებთ დავიკავოთ სხდომათა დარბაზი. ვნახოთ ვინ ვის დაღლის და ვნახოთ როდემდე ჩადგება აქ პოლიციის გაძლიერებული კორდონი. ყველამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე – არალეგიტიმური საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს, რაც არის კანონდარღვევა.არა აქვს ამის უფლება, იმიტომ, რომ არ აქვს უფლებამოსილება, რომელმაც უნდა მიიღოს ეს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.