წითლიძე: ეს არის რუსული „მილიცია”, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას – გადათელეს მოშიმშილეები

315

წინა სტატია

ეს არის პარტიული დავალება, „ქართული ოცნების” დავალება შეასრულა პოლიციამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, როდესაც ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე ოპოზიციონერების პოლიციის ძალით გამოყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა მოშიმშილეები ისე გაიყვანეს, რომ ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მათი დახმარების შესაძლებლობა არ მიეცა.

„ეს არის რუსული „მილიცია”, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. გადათელეს მოშიმშილეები და იმის საშუალებაც არ მისცეს სასწრაფოს, რომ დახმარება გაეწიათ”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ახლად არჩეულმა, ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ერთმა ექიმმა, რომლებიც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, დღეს ლეიბები გაშალეს. იმის გამო, რომ ჩანიშნული იყო ფრაქცია „ქართული ოცნების” სხდომა, მათ რამდენჯერმე მოუწოდეს დარბაზის დატოვებისკენ, მოგვიანებით კი მათ პოლიციამ დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.