საკრებულოების გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი ლეგიტიმაციის და კომპეტენციის ფარგლებში რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მუნიციპალიტეტებში საკრებულოებს ბიუჯეტის განხილვა დაწყებული აქვთ და დაჩქარებულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე სურთ მისი დამტკიცება.
მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ არ დაირღვეს კანონი და ამაში, თუ როდის მიიღონ ბიუჯეტი, ვერ ჩაერევა.
„თუ რაიმე უკანონობაა, მითხარით და გაგცემთ პასუხს. ვიდრე ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ხოლმე ცნობილი, რომელი პარლამენტი მუშაობს? – ძველი და ძველი იღებს კანონს. ეს იგივე იქნება, რომ გაბრაზდეთ, რას ჰქვია კანონს იღებსო“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, დღეს პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და “ქართულ ოცნებას მოუწოდა, მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების დაკომპლექტებამდე არ მოხდეს. ამავე საკითხს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებმა 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა ცენტრალური ხელისუფლების დავალებით დაიწყეს.