ზუგდიდის საკრებულომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს თეიმურაზ ბასილაიას და ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ თავმჯდომარეს, ბათლომე შელიას განცხადებით მიმართა, რათა დარბაზში მყოფმა მოშიმშილე, ახლად არჩეულმა დეპუტატებმა საკრებულოს დარბაზი დატოვონ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15:00 საათზე ჩანიშნულია სხდომა და მათი დარბაზში ყოფნა მუშაობის პროცესს აფერხებს.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, დანიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს კომისიური, ფრაქციული და არასამთავრობო სექტორიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე შენიშვნებით მერისთვის დასაბრუნებლად.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაცნობებთ, რომ თქვენი შეკრება საკრებულოს სხდომათა დარბაზში აფერხებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირებას, ვინაიდან, დაგეთმოთ დარბაზი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს 12:00 საათზე გაერთიანებულ ფრაქციათა სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გაათავისუფლოთ საკრებულოს სხდომათა დარბაზი”, – ნათქვამია განცხადებაში.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფი მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზის დატოვებას არ აპირებენ. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ოთახში იმყოფებოდნენ, თუმცა დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.