ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი საკრებულოს შენობაში შიმშილობას იწყებს

709

ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთახში, ახლად არჩეულმა საკრებულოს ოთხმა წევრმა შიმშილობა დაიწყო. ისინი საქრთველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მათთან ერთად შიმშილობა დაიწყო ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის ოთახში განცხადება პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

„განსაკუთრებით ბოლო თვეებში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავა საქართველოს ხელისუფლებამ, რეჟიმმა დაკარგა ყველანაირი, არამარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახე და უკვე 40 დღეზე მეტია საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმეტებენ სასიკვდილოდ. სწორედ ამიტომ ჩემმა თანამებრძოლებმა მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, გადაიყვანონ სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ მოთხოვნით საკრებულოს შენობაში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთახში შიმშილობას დაიწყებენ საკრებულოს არჩეული წევრები: მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია, დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ახლადარჩეულ საკრებულოში ენმ-ის 22 წევრია.

წითლიძის თქმით, ეს ადამიანები შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ, რაც მოთხოვნა დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი მზარდი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 46-ე დღეა შიმშილობს. მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი.

თბილისში ამავე მოთხოვნით ყოველ დღე საპროტეტსო აქციები იმართება. ოპოზიციის განცხადებით, საპროტესტო მუხტი არ შენელდება და სახლებში მანამ არ შევლენ, ვიდრე ეს და კიდევ ერთი მოთხოვნა “მოპარული არჩევნების” დაბრუნებაზე არ შესრულდება.