ბათუმსა და ხელვაჩაურში ახალი მოწვევის საკრებულო არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს

340

ბათუმსა და ხელვაჩაურში ახალი მოწვევის საკრებულო არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს – თარიღს ბათუმის 79-ე ოლქის იურისტი ზვიად სურმანიძე აკონკრეტებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

ზვიად სურმანიძის თქმით, შესაძლოა, განსაზღვრულ თარიღამდე ნებისმიერ დღეს ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირველ ორ სხდომაზე ვერ აირჩევს წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება.

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის თანახმად:

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
  2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.
  3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.
  4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.
  5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.
  6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
  7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.
  8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.