სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტიის ყოფილი მერების დიდი ნაწილი კვლავ თვითმმართველობაში დარჩა. ნინოწმინდასა და ასპინძაში „ქართულმა ოცნებამ“ იგივე მერები შეარჩია. ახალციხეში, ბორჯომსა და ადიგენში კი მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა საკრებულოში გადაინაცვლეს. ახალქალაქი რეგიონში ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელმა თვითმმართველობა დატოვა, იურიკ უნანიანი ამ ეტაპზე არც საკრებულოშია და არც მერიაში. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, რომელიც მუნიციპალიტეტს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ახალი მოწვევის საკრებულოში შევიდა. იგი 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეშვიდე ნომერი იყო.
ზაზა მელიქიძის მსგავსად ადიგენის ყოფილი მერი, ზაქარია ენდელაძეც საკრებულოში შევიდა. ისიც “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია.
საკრებულოს წევრი გახდა ბორჯომის მერი დავით ზაალიშვილიც. თვითმმართველობის არჩევნების დროს, იგი „ქართულმა ოცნებამ“ სიის პირველ ნომრად დაასახელა.
ერთადერთი, მერი რომელიც პარტიულ სიაში არ იყო და არც მერობის კანდიდატად დაუსახელებიათ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანია.
„ჯერჯერობით არსად არ წავსულვარ თანამდებობის მხრივ. არც “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში არ ვიყავი, ამ ეტაპზე ვისვენებ და სახლში ვარ, შემდგომ ვნახოთ“ – გვითხრა იურიკ უნანიანმა.
ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები, 16 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს, შემდეგ გაირკვევა, საკრებულოს თავმჯდომარეების ვინაობები.