საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ხადას ხეობაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობა დაიწყება.
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, გაკეთდება გვირაბი, რომელიც ხადას ხეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობთან დააკავშირებს.
მისი თქმით, გვირაბის მიმართულებას გეოლოგები უკვე იკვლევენ.
„ხადას ხეობას გავუკეთებთ იმას, რაც ხეობისთვის არავის გაუკეთებია. ეს იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის შეყვანა ხეობაში. გეოლოგები გვირაბის მიმართულებას უკვე იკვლევენ, რომელიც ხადას ხეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი კობის მოსახლეობასთან დააკავშირებს.
გეოლოგიური სამუშაოები წინ უძღვის საპროექტო სამუშაოებს, საპროექტო კი, სამშენებლო სამუშაოებს.
ფაქტობრივად, ეს გვირაბი ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის, ერთის მხრივ ჯვრის უღელტეხილის ჩაკეტვის პრობლემას, ზამთარში უხვი ნალექების შემთხვევაში იკეტება ხოლმე ჯვრის უღელტეხილი. ხოლო მეორეს მხრივ გააცოცხლებს ხადას ხეობას, რომელიც ფაქტობრივად მიუვალია გზის უქონლობის გამო.
გზის გაკეთებით ხეობას სატრანსპორტო იზოლაციისგან გამოვიყვანთ, რომელშიც ის მრავალი საუკუნის განმავლობაშია მოქცეული.
ასე, რომ თუ ხადელებს კომფორტულ, უსაფრთხო გზას მივუყვანთ, ხადაში სიცოცხლე დაბრუნდება.
ჩვენ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2020 წლისთვის დავძლევთ 21 საუკუნოვან პრობლემას, რაც სამწუხაროდ ხადას ხეობას აწუხებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
წყარო: აიპრესი