ქალაქის გენერალური გეგმის მომზადება, მწვანე სივრცეების მოწყობა, ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება და ქალაქის შემოსასვლელების კეთილმოწყობა – ეს იმ გეგმების არასრული ჩამონათვალია, რის განხორციელებასაც ახალციხის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ლაზარაშვილი აპირებს. მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„მაქვს იდეა, მაღალმთიან სოფლებში ადრე მსგავსი ფაქტი იყო და მინდა ეს განვაახლოთ, შევქმნათ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას გასინჯავს. ეს შეიძლება იყოს პედიატრი, გინეკოლოგი და ა. შ. ელემენტარული სისხლის საერთო ანალიზის აღება რომ მოხერხდეს. მუნიციპალიტეტი დიდ ხარჯებსა და რესურსებს ხარჯავს, ეს იქნება: მედიკამენტები, ოპერაციების დაფინანსება, კვლევები. ეს არ უნდა გაჩერდეს. ჯანდაცვის მუხლების ხარჯვითი ნაწილი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გაზრდილი“, – ამბობს მერი.
მისივე თქმით, ქალაქში მეტი მწვანე სივრცის მოწყობაა შესაძლებელი.
„ბევრი სკვერის გაშენება შეიძლება, ვთვლი რომ, დიდი მწვანე სივრცე სჭირდება ქალაქს. ძალიან მომწონს სტდიონსა და მეორე საჯარო სკოლას შორის სივრცე, რომელიც ქალაქის შუაგულია, შესაძლოა მოეწყოს ატრაქციონი. ირგვლივ კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს რომელიც უნდა გამოვიყენოთ“.
ამბობს, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტი მრავალბინიანი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწყობა და ქალაქის განვითარების გენგეგმის შემუშავებაა.
„ერთ –ერთი მთავარია ქალაქის განვითარების გეგმა. ეს იქნება დოკუმენტი კანონის ტოლფასი, რომელსაც მოვერგებით ყველა. ეს იქნება ის, რომ მერიის თანამშრომლები იქნებიან უფრო დაცულები, ამ გეგმის შესაბამისად ვიმუშავებთ ყველა, ამას მოვერგებით როგორც მოქალაქე, ისე მერია. ეს გენგეგმა არ გულისხმობს იმას, რომ მარტო სად რა კორპუსი აშენდეს. უნდა ვიზრუნოთ ქალაქის შემოსასვლელების გალამაზებაზეც“, –ამბობს ლაზარაშვილი.
მისი თქმით, ამ ყველაფერის გაკეთებას 4 წლის განმავლობაში შეეცდება.