ხატია დეკანოიძე: მანდატი გვჭირდება არა იმისთვის, რომ ყოველდღიურად პარლამენტში პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

602

ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ მაგალითად, ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და ყოველ პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც არის აუცილებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ და ასევე სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შესაძლებლობა ჰქონდეს ოპოზიციას, დეპუტატის მანდატის შენარჩუნება აუცილებელია.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის პოზიციაც ასეთია, რომ პროტესტი უნდა იყოს ყველგან, რომ მიზანი მიღწეული იყოს.

„რაც შეეხება საპარლამენტო საკითხებს, მისი პოზიცია არ შეცვლილა, მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში, ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ მაგალითად, ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და ყოველ პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც არის აუცილებელი. ასევე, რაც მე ვუთხარი მას, არის ის, რომ აუცილებელია მისი და მისი თანამებრძოლების ნახვა ყოველდღიურად, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაშიც, რა თქმა უნდა, მეთანხმება. რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, პატარა ვაკუუმიც კი, უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისთვის და მისი ციხეში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულებისთვის, არის აუცილებელი ამ ბერკეტის გამოყენება. მაშინ, როდესაც ჩვენ ქართველი ხალხი გვეტყვის, „შედით პარლამენტში და დააჭირეთ ღილაკს, რომ ვადამდელი დაინიშნოს,“ ეს უნდა გვქონდეს. ჩვენ ისედაც არ ვართ პარლამენტში, ბოიკოტში ვართ, ისედაც მერობის კანდიდატები ვიყავით და ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საპარლამენტო მანდატები აღარ გვექნებოდა. პრეოტესტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამას ამბობს ისიც. ვთანხმდებით, რომ პროტესტი უნდა იყოს ყველგან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.