მთავრობის სტრატკომი: ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვაზე ინფორმაცია კლასიკური ფეიკ ნიუსია

362

დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

“ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება”, – აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ განიხილება. ამით ტიკარაძეც ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს და თქვა, რომ ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.