კალაძე: 2023 წლიდან ავტობუსების პარკის განახლება გაგრძელდება

301

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება,  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

მისი თქმით, 2023 წლიდან ავტობუსების პარკის განახლების პროცესი გაგრძელდება.

„2023 წელს შევისყიდით 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს, 2023-2024 წლებში კი პროცესი დასრულდება. ეს დამატებით გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას და დღიურად, 2 000 000-ით მეტი მგზავრობის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, მეტროპოლიტენის განახლებისა და მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება.

„მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება. 

„2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში ინციდენტებზე, სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებული მოძრაობას, ასევე, შემცირებულ საცობებს მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც ისაუბრა.