პოლიციაში შეგნებულად დამაყოვნეს, რომ ხმების დასაცავად ნაკლები დრო მქონდეს – ბექა პაპაშვილი

725

პოლიციის სამმართველოში დასრულდა მოძრაობა “საქართველოსთვის” დამკვირვებელ ბექა პაპაშვილის დაკითხვა, რომელსაც თავად აცხადებს, დილით მე-20 უბანთან თავს დაესხნენ მისი თქმით, პოლიციაში ის იძულების წესით გადაიყვანეს. ამბობს, რომ თბილისიდან ჩამოვიდა არჩევნებზე დასაკვირვებლად, იმისთვის, რომ დაეცვა თითოეული ზუგდიდელის ხმა. ამიტომ, პოლიციის სამმართველოში ყოფნა მას დროის კარგვად მიაჩნია.

“დროის კარგვად მიმაჩნდა დღევანდელი საგამოძიებო უწყებებისთვის რაიმე ჩვენების მიცემა. მაინც გადამიყვანეს. ორ საათ-ნახევარი დამაკარგვინეს. ჩემთვის გაუგებარი მიზეზით მაფერხებდნენ. ახსნა-განმარტების წერას მოვუნდი მხოლოდ ნახევარი საათი. დანარჩენი ორი საათი დროს წელავდნენ, რომ არ გამოვსულიყავი და არ გემეგრძელებინა ჩემი უფლებამოსილების შესრულება. კიდევ უნდოდათ ნახევარი საათით დავეყოვნებინე”, – ამბობს ბექა პაპაშვილი.

მისი თქმით, სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” ე.წ. აგიტატორთა ჯგუფი, ზონდერბანდა არამხოლოდ ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს, არამედ არღვევენ ახალ კანონმდებლობასაც – 100 მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ უბნიდან.

დღეს დილით დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან. მოძრაობა “საქართველოსთვის” განცხადებით, ბექა პაპაშვილს ხელი დაარტყა ვინმე ჯონი ციმინტიამ, რომელიც საარჩევნო პროცესს “მწვანე ალტერნატივა – მწვანე დედამიწის” სახელით აკვირდეოდა. ეს მას შემდეგ, რაც ის დაინტერესდა, ვინ იყვნენ და რატომ ქონდათ კონკრეტულ პირებს უბანთან სიები ისიც ინციდენტის შემდეგ, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს სამართალდამცველებმა.

მანამდე ჯონი ციმინტიამ თქვა, რომ ბექა პაპაშვილმა მას შეაგინა დედაზე და ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ვერ მოითმინა და “ხელი გაუწია”.

ამავე უბანზე მომხდარი დაპირისპირებისას, ხუთი პირი დააკავეს. მათ შორის “აჭარის განვითარების ცენტრის” დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე, სავარაუდოდ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, და მოძრაობა “საქართველოსთვის” დამკვირვებელი ნიკა ნარსია, რომელიც გამოკითხვაზე წასვლას არ თანხმდებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

ფოტო: “ლაივპრესი”