ბრძოლა უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის ბათუმში

286

ბრძოლა უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის ბათუმში და წლების განმავლობაში არ დამდგარი შედეგი. ადგილობრივებს ყოფილი საერთო საცხოვრებელი საკუთრებაში 2010 წელს უღიარეს, თუმცა გაუსაძლის პირობებთან ერთად კორპუსი იმდენად ავარიულია, რომ ყოველი ღამისთევა საშიშა. იმისთვის, რომ ამხანაგობამ ინვესტორი მოიყვანოს და მშენებლობით დააინტერსოს, მომიჯნავედ მდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას ელოდებიან, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკსი სამინისტროსგან წლობით გაეწელათ. მაცხოვრებლებს ტრაგედიის ეშინიათ და დროულ რეაგირებას ითხოვენ. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ტაბიძის 40 ნომერში, ამხანაგობა „იმედი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებას სამი წელია ამაოდ ელოდება. მათ არც კითხვაზე აქვთ პასუხი, რატომ გაჭიანურდა პროცესი წლების განმავლობაში.

მიწის გადაცემის თაობაზე კორპუსის ამხანაგობას სამინისტროსთან ბათუმის მერიამ, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, 2019 წელს უშუამდგომლა. თვითმმართველობამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სამინისტროს მისცა და სთხოვდა, ოჯახებისთვის ერთ ლარად გადაეცა. გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების საბჭოც“, რომლის თავმჯდომარეც თორნიკე რიჟვაძეა. ქონების მიღებით ამხანაგობას საცხოვრებელი პირობები უნდა გაეუმჯობესებინა, მიწაზე ინვესტორი მიეყვანა და ახალი მშენებლობა დაწყებულიყო.

ხუთსართულიანი კორპუსის ფეკალური მასები პირდაპირ სარდაფში გროვდება. ბინებში ნესტთან ერთად აუტანელი  სუნია. ადამიანები დღემდე საერთო საპირფარეშოებით სარგებლობენ. ვისაც ინდივიდუალური სველი წერტილი აქვს, საკუთრება არ არის, რადგან როცა ფართები უკანონდებოდათ, ყველას მისი მოწყობის სახსრები არ ჰქონდა, ახლა კი ამ შემთხვევაშიც ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა.

ტაბიძის 40 ნომერში მდებარე კორპუსი ავარიული შენობის ნუსხას 2008 წლიდან განეკუთვნება. სამხარაულის დასკვნის მიხედვით სახლი საცხოვრებლად საშიშია. ყოფილი საერთო საცხოვრებელი მათ 2010 წელს დაუკანონდათ, ამბობენ, რომ ასი წლის შენობა რეაბილიტაციას უბრალოდ ვერ გაუძლებს.

კითხვებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა, პასუხების მისაღებად უწყებიდან თავი არავინ შეიწუხა.