ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მომდევნო პროექტი დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება

332

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვის გამარჯვებული კოპმანია შპს “ჯორჯიან ჰაუსია”.

“მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ველოდებით საბოლო პროექტს. შემდეგ ნებართვა გაიცემა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები თანხმობის მიღებაზე.

„მოლაპარაკებებში ყოველთვის მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა. გვაქვს შემთხვევები და ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ჩაშლილა მოლაპარაკებები იმის გამო, რომ კონკრეტული ადამიანები, ოჯახები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე ისინი ფლობენ დღეს – მუნიციპალიტეტს ამის გაკეთებაც არ შეუძლია. მზად ვართ, ანალოგიური კვადრატულობის ფართები გადმოგცეთ, სადაც ცხოვრობთ ერთი განსხვავებით, თუ დღეს ავარიულ კორპუსებში ცხოვრობთ, გადმოგეცემათ ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსები იგივე ფართებით, იგივე კვადრატულობით, ოღონდ გარემონტებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.