კობახიძე: არავითარი კოალიციური მთავრობის გეგმა არ ყოფილა, დაამატეს ორნახევარპროცენტიანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის პრორუსული პარტია – არავითარი მსჯელობა არ ღირს

263

პირველი ტურის წინაც ამბობდნენ, რომ ექნებოდათ ე.წ. კოალიციური მმართველობა თბილისში, დაამატეს ორნახევარპროცენტიანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის პრორუსული პარტია, ეს არის მათ ე.წ. კოალიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ზუგდიდში ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, გუშინ ნიკა მელიას არავითარი კოალიციური მთავრობის გეგმა არ წარმოუდგენია. “არავითარი კოალიციური მთავრობის გეგმა არ ყოფილა წარმოდგენილი, პირველი ტურის წინაც ჩამოთვალეს: მელია, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე ე.წ გირჩი. მანამდეც ამბობდნენ, რომ ექნებოდათ ე.წ კოალიციური მმართველობა თბილისში. დაამატეს ორნახევარპროცენტიანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის პრორუსული პარტია, ეს არის მათი ე.წ კოალიცია. ამაზე არავითარი მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ ღირს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე. ნიკა მელიამ ასევე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ხელმძღვანელების კანდიდატურები წარადგინა.