ახალციხემ, როგორც თვითმმართველმა ქალაქმა, მხოლოდ სამი წელიწადი იარსება და ორი მერი გამოიცვალა. ორ კვირაში, ქალაქ ახალციხესაც და თემსაც, ერთი პიროვნება ჩაიბარებს დამომდევნო ოთხი წელიწადი მას ზრუნვა ერთის ნაცვლად, 47 დასახლებულ პუნქტზე, 18 000–ის ნაცვლად, თითქმის 39 000 მოქალაქეზე მოუწევს.
სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი, ახალციხე, სადაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 17 903 ადამიანი ცხოვრობს, თვითმმართველი ქალაქი 2014 წელს გახდა.
მაშინ როდესაც ქალაქებისთვის, სადაც 15000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე დაიწყო საუბარი, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც, ერთხმად აცხადებდა, რომ ეს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, არაერთ სასიკეთო ცვლილებას მოუტანდა თავად ამ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს.
აქცენტი თვითმმართველობის რეფორმის რამდენიმე მხარეზე კეთდებოდა, მათ შორის: გაყოფილი ბიუჯეტი; ადგილობრივი ხელისუფლების ხალხთან დაახლოება და მოქალაქეების გაზრდილი პასუხისმგებლობა – ვინაიდან ისინი უშუალოდ, პირდაპირი წესით ირჩევდნენ ქალაქის მერს თუ თემის გამგებელს.
„ამ რეფორმის შედეგად, ქალაქს საკუთარი ბიუჯეტი ექნება. მკვეთრად გაიზრდება მისი ფინანსური შესაძლებლობები და უფლება-მოსილებები. არჩევნების შემდგომ ძალიან ბევრი რამ თავად მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული, რა ხალხს აირჩევენ, ვის ანდობენ საკუთარ ბედს. მერე ხელს ვეღარავისკენ გაიშვერენ. ახალციხის განვითარებაზე პასუხისმგებლები პირველ რიგში ახალციხელები იქნებიან“, – განმარტავდა მაშინ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს მთავრობის კანცელარიის, რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.
თვითმმართველობის რეფორმას მაშინ ცალსახად მიღწევად აფასებდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში.
„ყოველივე ეს გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში. გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა კი საზოგადოების პასუხისმგებლობას გაზრდის“, – ასეთი იყო უწყების პოზიცია.
მაშინ, თვითმმართველობაში განხორციელებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House”-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა.
2014 წელს, 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახალციხელებმა ქალაქის ხელმძღვანელი, მერი, პირდაპირი წესით პირველად აირჩიეს. მაშინ მერობა ოთხ კანდიდატს სურდა, ოთხივე მათგანი მამაკაცი იყო და მათგან, ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა, 60,48% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ მიიღო.
60%-იანი მარდაჭერით არჩეული გიორგი კოპაძე ახალციხეს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 2014–დან 2016 წლის აგვისტომდე, ვიდრე, მმართველმა გუნდმა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატად არ წარადგინა. მმართველობის სამი წლის განმავლობაში, თვითმმართველი ქალაქის პირველი მერი, ყველგან, ახალციხეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ამაყობდა. ქალაქის გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას კი, ცალსახად, გაყოფის შემდეგ გაყოფილ ბიუჯეტებს უკავშირებდნენ.
რეფორმის მიხედვით, თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარებულიყო და ამის მოლოდინი არსებობდა კიდეც, მაგრამ, ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა…
2017 წლის დასაწყისში, რეგიონული განვითარების სამინისტრომ, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე დაიწყო საუბარი. არგუმენტები, – რატომ გეგმავს შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას, – რეგიონული განვითარების სამინისტრომ ერთ განცხადებაში მოაქცია. განცხადების მიხედვით, თვითმმართველობების დაყოფით ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა, ბიუჯეტი კი არა; ბიუჯეტები მხოლოდ ტრანსფერების ხარჯზე იზრდება, ამის ფონზე კი ხარჯვის ეფექტიანობა მცირდება; სოფელი და ქალაქი ხელოვნურად გაიყო და ახლა ისევ უნდა გაერთიანდეს.
მთავრობის ინიციატივას დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, სამოქალაქო სექტორი წერილს წერილზე ავრელებდა, მოჰყავდა არგუმენტები, ითხოვდა ხელისუფლებასთან შეხვედრას და გადაწყვეტილების შეცვლას, მაგრამ არავის მოუსმინეს. ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებიდან ზუსტად სამ წელიწადში, 2017 წლის 15 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ, კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებდა, პირველი მოსმენით დაამტკიცა. იმავე წლის20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ვეტო დაადო, მაგრამ,დაახლოებით ერთ კვირაში, 26 ივლისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია და ფაქტობრივად, საქართველოში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, უკვე საბოლოოდ, 12–დან 5–მდე შემცირდა.
იმავე დღეს, 26 ივლისს, ეროვნულ დემოკრატიული–ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედგები გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გამოკითხულთა 59%–სთვის ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მიუღებელია. გამოკითხულთა 45% მიიჩნევდა, რომ ამ ცვლილებას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნებოდა.
ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას, არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა ნაწილმა, ვინც თავის დროზე ქალაქისა და თემის გაყოფას მიესალმებოდა, დამოკიდებულება მალევე შეიცვალა.
„მე არ მივესალმები იმას, რომ 17-ათასიან ქალაქს ჰყავდეს მერი. ეს ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენს დღევანდელ სიტუაციაში“, – ეს შეფასება თვითმმართველი ქალაქი პირველ მერს, გიორგი კოპაძეს ეკუთვნის, რომელიც, მაშინ როცა მთავრობა ამ გადაწყვეტილებაზე მსჯელობდა, უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
ნაკლებად რადიკალური იყო ქალაქის მეორე, რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული მერის, ვლადიმერ ზედგინიძის პოზიცია.
„დამოუკიდებელ ქალაქებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი თვითმმართველობა“, – ამბობდა იგი და ამატებდა, რომ ახლა როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მას არ ჰქონდა უფლება მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დათანხმებოდა, – „მისაღებია, ის რაც მთავრობამ გააკეთა“.
„რეალური თვითმმართველობა არის ფინანუსრი დამოუკიდებლობა, მუნიციპალიტეტების ქონებრივი გამიჯვნა და მატერიალური რესურსების განკარგვა. თუ ამისი დელეგირება მოხდება, რის გადმოცემასაც მთავრობა თვითმმართველობებს პირდება, ეს იქნება რეალური თვითმმართველობა. ამიტომ თუ ადგილობრივ თვითმმართველობებს უფლებამოსილებები გაეზრდებათ, რა თქმა უნდა ამას მხარს ვუჭერ და მივესალმები“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ 2017 წლის ივლისში, მაშინ, როცა, ამავე წლის მარტში, როცა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე ჯერ მხოლოდ საუბარი მიმდინარეობდა, მისი პოზიცია ასეთი იყო: „თემის და ქალაქის გაერთიანებას მინუსებიც აქვს და პლიუსებიც. პლიუსი ისაა, რომ ხარჯები დაიზოგება, მინუსი კი ის, რომ საზოგადოების ნაწილი სამუშაო ადგილს დაკარგავს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თემი და ქალაქი გაიყო, ერთშიც და მეორეშიც მეტი თანხა იხარჯება პროექტებისთვის. ამიტომ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ახალციხეს თვითმმართველ ქალაქად დავტოვებდი“.
პოზიცია მხოლოდ დავით ლომიძეს არ შეუცვლია და მხოლოდ ამ საკითხზე არ შეცვლილა, – 20 მაისს, საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც მოგვიანებით ისტორიული უწოდეს და რომელზეც ქალაქისა და თემის გაერთიანებაზე მსჯელობდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვრცელი გამოსვლა მიუძღვნა საკითხს, რატომ ვერ განვითარდა ახალციხე თვითმმართველ ქალაქად ყოფნის პერიოდში და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
9 მომხრე და 5 წინააღმდეგი – ამ შედეგით უმრავლესობამ ქალაქის სტატუსის გაუქმებასა და თემთან შეერთებას მხარი დაუჭირა. ხუთ მოწინააღმდეგეს შორის, გარდა ოპოზიციონერი დეპუტატებისა, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.
2017 წლის ნოემბრიდან, ახალციხის სოფელ ნაოხრებში მცხოვრებ სარქის აკოფიანს, თვითმმართველობაში რაიმე საკითხის გადაწყვეტა რომ დასჭირდეს, მაშინ როცა ახალ მერს მოქალაქეთა მიღების დღეები ექნება, ქალაქ ახალციხეში უნდა ჩამოვიდეს და მერის მისაღებში რამდენიმე საათი იცადოს.
მოცდა ყველა შემთხვევაში მოუწევს, ვინაიდან, თუ აქამდე, მისი სოფლის უშუალო ხელმძღვანელი ახალციხის გამგებელი იყო და იგი პასუხისმგებლობას 20 992 მოქალაქეზე იღებდა (მოქალაქეთა რაოდენობა ახალციხის თემში 2014 წლის აღწერის მიხედვით), ახლა ქალაქ ახალციხესაც (17 903 მცხოვრებით) და სარქისის სოფელსაც, ახალციხის დანარჩენ 44 დასახლებულ პუნტქთან ერთად, ერთი ხელმძღვანელი ეყოლება და არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი იქნება 38 895–დან მის მოსაცდელში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში სოფლების ხმა რომ დაიკარგება, ამას თემის საკრებულოში, „ევროპული საქართველოს” დეპუტატი, მარინე სუდაძეც შიშობს: „როცა ერთად იყო ქალაქი და თემი, ბიუჯეტის 80% იხარჯებოდა ქალაქზე და ვვარაუდობ, რომ გაერთიანების შემდეგაც ძირითადი თანხები დაიხარჯება ისევ ქალაქ ახალციხეზე. როდესაც მოხდა ბიუჯეტების გაყოფა, ამ შემთხვევაში სოფელმა უფრო იხეირა, იმიტომ, რომ სოფლებმა უკეთესად გამოიყენეს თანხები“.
იგი ფიქრობს, რომ უკვე გაერთიანებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც, პროპორციული სიით უფრო მეტი შევა, ვიდრე მაჟორიტარი: „ეს მაჟორიტარებიც იქნებიან პარტიულები და გაატარებენ პარტიის პოლიტიკას, ამიტომ, ადგილობრივ თვითმმართველობაში დაიჯარგება ხმა სოფლებიდან“.
თემისა და ქალაქის გაყოფის მოწინააღმდეგეები, ახლა სწორედ იმ სიკეთეების დაკარგვაზე ჩივიან, რაც თავის დროზე, გაყოფის მთავარი ხიბლი იყო, მათ შორის: გაყოფილი ბიუჯეტი; ადგილობრივი ხელისუფლების ხალხთან დაახლოება და მოქალაქეების გაზრდილი პასუხისმგებლობა.
„გაერთიანების შემთვევაში, მოსახლოების რაოდენობა ორმაგდება და წვდომა მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს, უფრო გაუჭირდებათ. განა იმიტომ, რომ ადმინისტრაცია იქნება ახალციხეში, ეს ისეც ასე იყო, უბრალოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება უფრო მეტ ადამიანს უნდა მოემსახუროს; მეტის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს“, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი.
„2010 წელს გაერთიანებული საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, იქ ქალაქიც შედიოდა და სოფლებიც. ამიტომ ძალიან ჭირდა მმართველობა. სოფელს აბსოლიტურად სხვა პრობლემები აქვს და ქალაქს სხვა. გაყოფილზე ძალიან ადვილი და ეფექტურია მუშაობა, თანხის სწორად გადანაწილება და პროექტების დაგეგმვა. როცა ორივეზე ერთად ფიქრობ, ქალაქზეც და სოფელზეც, რეალურად საქმეს ვერცერთში აკეთებ“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ მალხაზ გიქოშვილი.
ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მთავარი, რასაც ქალაქი დაკარგავს, სტაბილური განვითარებაა: „თვითმმართველობის პერიოდში ქალაქმა მოახერხა შემოსავლების გაზრდა, ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფლება, არავინ უნიშნავს მერს და გამგებელს, თავად აირჩია მოსახლეობამ. ამან მოიტანა სტაბილურობა. რატომ არის ეს სტაბილურობა მნიშვნელოვანი? – როდესაც მერს, გამგებელს, არ აქვს განცდა, რომ ოთხი წელი იქნება თანამდებობაზე, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხსნან, ის არ ზრუნავს გრძელვადიან დაგეგმვაზე და ის არის მხოლოდ რუტინული პრობლემებით დაკავებული. ამ ოთხწლიანმა ციკლმა მოგვიტანა ის შესაძლებლობა, რომ ქალაქს მიეცა შესაძლებლობა დაგეგმოს გრძელვადიანი პროექტები და ეტაპობრივად ახორციელოს. ქალაქს, რომელსაც არ აქვს ბიუჯეტი, შემოსავლები, არ არის იურიდიული პირი, არ აქვს შესყიდვების განხორციელების უფლება და საშუალება, არ ჰყავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი გადაწყვეტილებას იღებს არა ქალაქი, თავისი დაკომპლექტებული ხელისუფლებით, არამედ ვიღაც სხვა და ჯამში, ქალაქი ვერ განვითარდება“.
აერთიანების შემდეგ, თემსა და ქალაქს, ჭიდილი ბიუჯეტზეც რომ მოუწევს, ამაზე კოტე კანდელაკიც საუბრობს: „ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი ითხოვს, რომ უფრო მეტი თანხები ადმინისტრაციულ ცენტრში დაიხარჯოს და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. სოფელი უყურადღებოდ დარჩება, გაჭრდება დაბალანსება“.
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შიშებს არ იზიარებს თვითმმართველი თემის, ახალციხის პირველი გამგებელი ზაზა მელიქიძე, რომელიც ამჟამად, ახალციხის მერობის კანდიდატია მმართველი გუნდიდან.
თვითმმართველი ქალაქის პირველი მერის მსგავსად, ცალკე გასული მუნიციპალიტეტის პირველი გამგებელიც განხორცილებული პროექტების რაოდენობით ამაყობს. გამგეობაში ამბობენ, რომ ახალციხის 46 დასახლებიდან, მხოლოდ 4 სოფელი დარჩა, სადაც მოასფალტებული გზა არ არის, დანარჩენ სოფლებში გზა ან უკვე შეკეთდა, ან ახლა მიმდინრეობს სამუშაოები. საამაყო პროექტებს შორის ცალკეა ახალციხის სოფლებში გახსნილი ბაღებისა და სხვა შენობების ჩამონათვალი. გამგეობაში ეამაყებათ, რომ 2014 წლიდან დღემდე, ახალციხეში, ბაღების რაოდენობა 9–დან 16–მდე გაზარდეს (16 სათემო ბაღია, რომლებიც 36 სოფელს ემსახურება); გაარემონტეს და გახსნეს ახალი კულტურის სახლები (3 სოფელი), ახალგაზრდული ცენტრები (9 სოფელი) და სოფლის სახლები (15 სოფელი).
გამგებელი გაერთიანებაზე უარყოფითს არ ამბობს, მაგრამ, ვერც იმას გვეუბნება, რომ თავის დროზე თემი და ქალაქი არ უნდა გაერთიანებულიყო. მისი თქმით, გაყოფას ქონების გამიჯვნა, შენობა–ნაგებობების და მიწების რეგისტრაცია მოჰყვა, რამაც გადასახადების საკითხი მოაწესრიგა და ბიუჯეტის შემოსავლები გაზარდა. გაზრდილმა ბიუჯეტმა კი ქალაქსაც და თემსაც სასიკეთო ცვლილებები მოუტანა.
„ბიუჯეტების შემცრება არ მოხდება, როგორც ადგილობრივი შემოსავლების, ისევე ცენტრალური ბიუჯეტიდან და რეგფონდებიდან გამოყოფილი თანხები, რაც გამოიყოფოდა ორივე მუნიციპალიტეტისთვის, ეს გაერთიანდება და იქნება ერთი, მთლიანი ბიუჯეტი, ეს იქნება 25 მლნ–ზე მეტი და ასეთი ბიუჯეტი რეგიონში არცერთ მუნიციპალიტეტს არ ექნება“, – გაერთიანების კარგი მხარის არგუმენტად მოჰყავს ეს ფაქტი ზაზა მელიქიძეს.
ირაკლი მელაშვილს კი გამგებლის ამ ოპტიმიზმის გაზიარება უჭირს და პროგნოზირებს, რომ 2018 წლიდან თემისა და თვითმმართველი ქალაქების გაყოფის საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოყენებულია “სამხრეთის კარიბჭის” და ლევან ქიურქჩიანის ფოტოები