რას ფიქრობენ ახალციხის მერობის კანდიდატები თემისა და ქალაქის გაერთიანებაზე

870

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის მერობა ექვს კანდიდატს სურს. ერთ მათგანთან, პარტიის „ერთობა – ახალი საქართველოს“ კანდიდატთან, არზუმან ზოროღლიანთან, მედია დაკავშირებას ვერ ახერხებს, დანრჩენი ხუთი კანდიდატიდან ოთხი ფიქრობს, რომ ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, გაუქმებით ხელისუფლებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა. მმართველი პარტიის კანდიდატი კი, რომელიც მოქმედი გამგებელია, თავდაპირველად ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტის გაყოფას იწონებდა, თუმცა, როდესაც მათი გაუქმების საკითხი დადგა, მან აზრი შეიცვალა.

ახალციხის მერობის ხუთ კანდიდატს: ზაზა მელიქიძეს – „ქართული ოცნებიდან“, ვაჟა ჩიტაშვილს  – „ევროპული საქართველოდან“,  ირაკლი ბარძიმაძეს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,  ჯუმბერ ინასარიძე ს – „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ჯიმშერ გოგოლაურს – პარტიიდან  „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, პარასკევს, 29 სექტემბერს, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაცემა „კვირის აქცენტში“ უმასპინძლა.

ხუთი კანდიდატიდან ოთხმა, კითხვაზე, უნდა გაერთიანებულიყო თუ არა თემი და ქალაქი, განაცხადა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

მათგან ერთი, ვაჟა ჩიტაშვილი, „ევროპული საქართველოდან“ , ამ ნაბიჯს არასწორად მხოლოდ გაყოფის დროს ტყუილად გაწეული ფინანსური ხარჯების გამო აფასებს. იგი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში თემისა და ქალაქის განვითარება გაერთიანების შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუმცა, დამოუკიდებლად არსებობა თითოეულ მუნიციპალიტეტს გაცილებით მეტ შანსს მისცემდა.

შენობა – ნაგებობების რემონტი, გაყოფა ამ ორი სუბიექტის… აქედან გამომდინარე, არ იყო მართებული, რომ ეს ასე დასრულებულიყო.მაგრამ, ახლა, როდესაც ეს ყველაფერი შესრულებულია და ისევ ვუბრუნდებით საწყისს, არც ეს მიმაჩნია სწორედ, იმიტომ, რომ ხარჯი ყველაფერი გაწეულია და ექსპერიმენტებში ფულის გადაყრის ფუფუნება არ გვაქვს“, – განაცხადა გადაცემაში ვაჟა ჩიტაშვილმა.

თავის დროზე თემისა და ქალაქის გაყოფა მართებულ ნაბიჯად შეაფასა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ზაზა მელიქიძემაც.  მისი თქმით, გაყოფას ქონების გამიჯვნა, შენობა–ნაგებობების და მიწების რეგისტრაცია მოჰყვა, რამაც გადასახადების საკითხი მოაწესრიგა და ბიუჯეტის შემოსავლები გაზარდა.  გაზრდილმა ბიუჯეტმა კი ქალაქსაც და თემსაც სასიკეთო ცვლილებები მოუტანა. ზაზა მელიქიძე, რომელიც ახალციხის მოქმედი გამგებელია, და ის ახალციხის თემის, როგორც ცალკე მუნიციპალიტეტის პირველი გამგებელია, ამბობს, რომ ქალაქი და თემი განვითარების ტემპს არც გაერთიანების შემდეგ შეწყვეტს: „მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტების შემცრება არ მოხდება, როგორც ადგილობრივი შემოსავლების, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და რეგფონდებიდან გამოყოფილი თანხები, რაც გამოიყოფოდა ორივე მუნიციპალიტეტისთვის, გაერთიანდება და იქნება ერთი, მთლიანი ბიუჯეტი. ეს იქნება 25 მილიონზე მეტი და ასეთი ბიუჯეტი რეგიონში არცერთ მუნიციპალიტეტს არ ექნება“.

მელიქიძის ეს მტკიცება უკვირს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს  ჯუმბერ ინასარიძეს, რომელიც ფიქრობს, ყველაზე რეალური თვითმმართველობა შევარდნაძის დროს იყო: „ვგულისხმობ იმას, რომ ყველა სოფელს ჰქონდა თავისი საბჭო, ჰყავდა საბჭოს თავმჯდომარე და ეს საბჭო მართავდა სოფელს.“ მას კითხვის ნიშნებს უჩენს მელიქიძის მტკიცებაც იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტი არ მცირდება: „გამოდიან პარტიის ლიდერები და ამბობენ, რომ ხარჯები უნდა შევამციროთ, საჭირო არ არის ერთიც და მეორეცო. ეს ამბობს, რომ იგივე ბიუჯეტი იქნება. ვერ გავიგე რა ხდება. გჯერათ, რომ ხარჯებს ამცირებენ?! თვითონ ამბობს, არ ვამცირებთო“.

 ოთხი ოპოზიციონერი კანდიდატიდან ორი: ირაკლი ბარძიმაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჯიმშერ გოგოლაური, პარტიიდან „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არჩევნების წაგების შიშით მიიღო.

„შეხედეს, რომ უკეთესად არჩევნების ჩატარება არ შეუძლიათ, აგებენ და ამიტომ გააერთიანეს, სხვა არაფერი“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე, რომელსაც უკვირს მთავრობის სლოგანი „ძლიერი თვითმმართველობა– ძლიერი საქართველო“ მაშინ, როდესაც ამავე გუნდმა 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოუხსნა. მისივე შეფაასებით, თავის დროზე, თემისა და ქალაქის გაყოფა, „ქართული ოცნების“ ერთადერთი სწორი მიდგომა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ გააგრძელეს.

„თავი და ბოლო არის ის, რომ იმ შვიდ ქალაქში, რომელიც გაერთიანდა, შარშან წააგეს არჩევნები. კარგია სავარძელი და ხელისუფლება, იფიქრეს, იფიქრეს, მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, ძალიან გაუჭირდებოდათ ამ 14 ქალაქში და მუნიციპალიტეტში თავიანთი კანდიდატის გაყვანა და გააერთიანეს“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური და ამ პროცესების მოქალაქეების გვერდის ავლით  წარმართვაზე აკეთებს აქცენტს, – „ვის შეეკითხნენ?! ჯერ ერთი, როდესაც ყოფდნენ, მაშინ გვკითხეს? არა! როდესაც გადაწყვიტეს, რომ გაეერთიანებინათ, მაშინ რამე გვკითხეს? არა!“

განსხვავებით მმართველი გუნდის კანდიდატისგან, ოპოზიციონერი კადიდატები ფიქრობენ, რომ ხარჯების დასაზოგად ერთადერთი სწორი გზა თვითმმარველობებში გაბერილი შტატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იქნებოდა.

„მე მიმუშავია ახალციხის გამგეობაში, როცა ერთად იყო ქალაქიც და თემიც და სულ ვიყავით 56 კაცი, ვყოფნიდით ქალაქსაც და სოფლებსაც. ახლა, მგონი, ქალაქსაც და თემსაც შტატში 300-ზე მეტი ადამიანი ჰყავს. შეემცირებინათ შტატები და შემცირდებოდა ხარჯები“, – ამბობს ჯუმბერ ინასარიძე.