NDI ხელისუფლებას თვითმმართველი ქალაქების შემცირების გამო აკრიტიკებს

750

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.

“ამჟამად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა 12 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემისგან შედგება. თითოეული თვითმმართველი ერთეული ირჩევს საკრებულოსა და ადგილობრივ აღმასრულებელს. 2017 წლის ივნისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებები წარადგინა. სხვა ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული ცვლილებები 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდის მეზობელ თემებთან შეერთებას გულისხმობს. ამ რეფორმებს ადგილობრივ არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს (ნაცვლად 71-ისა), ასევე ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს (ნაცვლად 12-ისა) და 59 თვითმმართველ თემს.

საკრებულოები შედგება პროპორციული წესით არჩეული და ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისგან. საკრებულოების მაჟორიტარულ ოლქებს შორის ხმის თანაბრობის პრინციპი დაცული არ არის. ზოგადად, ქალაქების მაჟორიტარულ ოლქების ხმებს მათ მეზობელ თემებთან შედარებით ნაკლები ძალა აქვს. პარლამენტმა ეს რეფორმები მიიღო, თუმცა, 20 ივლისს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო. ვინაიდან მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების, ასევე, ოპოზიციური პარტიების თანახმად, რეფორმების შემუშავების პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, აკლდა გამჭვირვალობა და საკმარისად არ უზრუნველყოფდა მხარეთა ჩართულობას. დაახლოებით 150-მა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ხელი მოაწერა წერილს, სადაც ხელისუფლებას თვითმმართველ ქალაქებზე გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები შესაბამის ქალაქებში ადგილობრივ მოქალაქეებსა და არჩეულ თანამდებობის პირებს შორის დისტანციას გაზრდიდა. ამასთან, ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ სავალდებულო საჯარო კონსულტაციები არ ჩატარდა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც თითქმის ყველა კვალიფიციური პარტია, პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რეფორმისთვის ვეტო დაედო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეფორმების განხორციელების დრო – ადგილობრივ არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე. რეფორმების სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არჩეული თანამდებობის პირებიც კი აღიარებდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან მიმართებაში საჭიროა უფრო სტრატეგიული, კარგად შესწავლილი და სისტემური მიდგომა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხმის თანაბრობის პრინციპი და თანხების სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება (ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგაციას განუცხადეს, რომ თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა იგეგმება).

დელეგაციასთან  შეხვედრების დროს არასამთავრობო  ორგანიზაციების,  პარტიების და  ადგილობრივი  თვითმმართველობების  წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება შვიდი თვითმმართველი ქალაქის   მიმდებარე თემებთან შერწყმის შესაძლო გავლენაზე ამ ქალაქებზე. პირველ რიგში, ქალაქების კონტროლი საკუთარ ბიუჯეტზე და ადგილობრივ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე შემცირდება. მეორე რიგში, შვიდი ქალაქიდან ექვს ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდება ხმის თანაბრობის პრინციპი – მაჟორიტარულ თემებთან შედარებით. მაგალითად, ქალაქ ზუგდიდს, სადაც დაახლოებით 50 000 რეგისტრირებული ამომრჩეველია, საკრებულოში ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, მაშინ, როდესაც ზუგდიდის მიმდებარე თემს – 70 000 რეგისტრირებული ამომრჩევლით – 30. ეს ზუგდიდის თემის მაჟორიტარულ ოლქებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებთან შედარებით ოთხჯერ მეტ ხმას მიაკუთვნებს. ამ საკანონმდებლო პროცესში ჩართულმა პარლამენტის წევრებმა არ უარყვეს ხმათა უთანაბრობის საკითხი; არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა კი ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ცვლილება ამ ქალაქებში მმართველი ძალის კლებადი მხარდაჭერით არის გამოწვეული.

მესამე საკითხი – პარტიებს, შესაბამის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს ამ ქალაქებსა და თემებში არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის საარჩევნო სისტემით ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები.

იხილეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიში სრულად