კობერიძე: დღეიდან “ის გირჩელი ბავშვი ვიცე მერი” აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს

404

წინა სტატია

თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილე მამუკა ხაზარაძესთან ერთად ზურაბ ჯაფარიძეც იქნება. ასევე, მერის მოადგილე იქნებიან ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე. ნიკა მელიამ ეს კანდიდატურები კოალიციური მთავრობის წარდგენის დროს დაასახელა.

ამ დრომდე ვიცე-მერობის კანდიდატად “გირჩი-მეტი თავისუფლებიდან” ცოტნე კობერიძე განიხილებოდა.

ზურაბ ჯაფარიძის წარდგენის შემდეგ კობერიძემ თქვა, რომ დღეს, 20 ოქტომბრის დილით “აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთნონ, ხმების მაქსიმალურად მობილიზებას კი ზურა როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი, მასზე კარგად იზამს”.

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ენდო, მოუსმინა, “მიუხედავად ასაკისა”, მის ფიქრებს პატივი სცა და “ასაკი გამო ლანძღვის მოდას არ აყვა”.

“ბოდიში მათ, ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე; ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე. ბოდიში ასევე მედიას, რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე, რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე, გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე. ყველაფერი, ის რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია, მე ვიცე-მერი ვიქნები, ვიცე-პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი, მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას, რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს”, — წერს ის Facebook-ზე.

ამასთან, ცოტნე კობერიძე ყველა ახალგაზრდას სთხოვს, არ მოერიდონ პოლიტიკაში ჩართვას და არ დაელოდონ დროის გასვლას.

“ახლა მთავარია კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან. დღეიდან “ის გირჩელი ბავში ვიცე მერი” აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს”, — წერს კობერიძე.

თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.