ნიკა მელია ცდილობს, თბილისელები მოატყუოს, პენსიების გაზრდასა და სკოლებში უფასო კვებას სჭირდება მილიონობით ლარი, საკითხავია, თანხას რას აკლებს, ჯანდაცვას, თუ სხვა მიმართულებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მელიამ იცის, რომ რეალურად არჩევნების მეორე ტური წაგებული აქვს და ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი.
„ცდილობს, ხალხი, თბილისელები მოატყუოს. სრული აბსურდია, რაც წერია ბანერებზე, მათ შორის პენსიებზე. ერთი, რომ კანონით მას ამის უფლება არ აქვს და მეორე, ამას სჭირდება 240 მილიონი ლარი. იგივე ეხება სკოლებსაც. კანონით არ აქვს ამის გაკეთების უფლება და სჭირდება დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტი. რას აკლებს ამას, ჯანდაცვას, თუ სხვა მიმართულებებს, ეს არის საკითხავი. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და სასოწარკვეთილი ნაბიჯი, გამომდინარე იქედან, რომ მელია თბილისში არჩევნებს აგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.