მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ზაურ ქარამოვის განაცხადებით, 2022 წლიდან ბაღის პერსონალის ხელფასების მომატება იგეგმება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ჩვენ გვქონდა ტრადიცია, რომ ყოველწელს ემატებოდა ხელფასი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეჩერდა. მომავალში გავაგრძელებთ ამ ტრადიციას ისე, როგორც იყო ადრე. დანამატის მიცემაც ტრადიცია იყო. იყო წელი, როდესაც თანამშრომლებმა ორი დანამატიც აიღეს, მაგრამ ახლა პანდემიის გამო სახლში იყვნენ თანამშრომლები და ამიტომ მარტო ხელფასს იღებდნენ“, – აღნიშნა ქარამოვმა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენით გაიზრდება საბავშვო ბაღების პერსონალის ანაზღაურება.
ამასთან, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების პერსონალისათვის ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით მერიაში გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ლარით გაეზრდებათ მათ ხელფასი.