ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ ვაპირებთ

257

არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე ამომრჩევლების ნაწილს არ მოწონს, როცა ამას ამბობს.

„პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით და ეს გვინდა. ამ ყველაფრის დიახაც პიონერებიც გვინდა ვიყოთ, გვიხარია, რომ კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თანამებრძოლს დღეს ეს კომპლექსი აღარ აქვს. ეს არის გზავნილი, რომელიც მინდოდა ყველა ოჯახში შესულიყო“, – განაცხადა მელიამ.

მან ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილს, რომ ისინი უკან არ დაიხევენ.

მელიას განცხადებით, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ და აბუჩად იგდებენ, ამით საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას.

მელიას თქმით, არ სურს ივანიშვილი ციხეში იხილოს, მაგრამ თუ ის ციხეში აღმოჩნდებოდა, მედიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პატიმარს არ დასცინებდნენ.

„მთავარი მინდა ასევე ვთქვა, არ ვხუმრობთ, ბიძინა ივანიშვილო, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ ეს სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, არცერთ ჩვენგანს დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ნებისმიერი ჩვენგანით, არაფერი იმაზე ძვირფასი არ გვაქვს, ვიდრე ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, მაგრამ სიცოცხლეც და ჯანმრთელობაც სამსხვერპლოზე მისატანი თუ იქნება ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის, მივიტანთ აუცილებლად, იმიტომ რომ ღარიბაშვილებს და კობახიძეებს, თქვე ოჯახაშენებულებო, სად გაიზარდეთ, ვინ გასწავლათ, როგორ იქცევით, დატყვევებულ ადამიანს, რომელიც მერამდენე დღეა შიმშილობს და არავინ იცის ხვალ და ზეგ მის ჯანმრთელობას რა ბედი ეწევა, რა შეურაცხყოფებს აყენებთ, როგორ აბუჩად იგდებთ და თქვენ გგონიათ, ამით ჩვენ და სააკაშვილს აყენებთ შეურაცხყოფას? მე მგონია პირიქით, ამით თქვენ თავს იმცირებთ, პირდაპირ გეუბნებით, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ვიხილო ციხეში, მაგრამ თუ მან ასე გააგრძელა, რასაც ახლა აკეთებს და აღმოჩნდებოდა ციხეში, მე დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის” ვერცერთ ლიდერს ვერ ვხედავ საჯარო კომუნიკაციაში მედიასთან, რომელიც დასცინებდა პატიმარს. ისინი გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე, როცა დღენიადაგ საარაკო ტერმინოლოგიას გამოიყენებენ, მაგრამ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და მიხეილ სააკაშვილს აძლიერებს“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, რუსეთის საცეცები დღეს, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოშია.

“როდესაც სახლებში წავალთ და დავბრუნდებით, იმდენად მოწყვლად გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვართ, არ ვიცით დილის 8:00 საათზე, რომ გავიღვიძებთ, ამ ქვეყანაში ქართული დროშა იფრიალებს თუ არა. თბილისის ცენტრიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკია, მაგრამ უკვე შემოსული არიან, რუსეთის ფედერაციის საცეცები, სახელისუფლებო ყველა შტოში”, – განაცხადა მელიამ.