“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ქუთაისში მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყანეს. მისი თქმით, თბილისისკენ მომავალმა კოლონამ სხვა გზა გაიარა.
“ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლიათ.
ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსამართლოდ!”, – წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, თბილისისკენ მომავალ კოლონას გზაზე “ოცნების” პარტაქტივი და ზუგდიდის საკრებულოს წევრები სამტრედიასთანაც დახვდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თან ჰქონდათ ცოცხები.
დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.