“ევროპული საქართველო”: ახალციხეში, ურავლის უბანზე კომისიის წევრებმა ცარიელ ოქმს ხელი წინასწარ მოაწერეს

246

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი მაკა სუდაძე ამბობს, რომ ახალციხეში N22-ე უბანზე, შემაჯამებელ ოქმს  კომისიის წევრებმა ხელი შევსებამდე მოაწერეს. უბნის კომისიის თავმჯდომარე, გელა ტივაძე ამბობს, რომ „ეს დარღვევა არ არის და იმ დროს მდივანი ვარჯიშობდა“. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„შავად, რომ დათვალეს ბიულეტენები და გადათეთრებამდე მივიდნენ, უთქვამთ – მიახლოებით ხომ იცით რა შედეგიც დაიდება და პრინციპულად არაფერი შეიცვლებაო – ზოგი დაღლილი ყოფილა და წინასწარ მოაწერა ხელი, მათმა ნაწილმა უბნის დახურვამდე დატოვა უბანი“, – ამბობს მაკა სუდაძე.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული დარღვევის შესახებ მათთვის დღეს, 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი, „გასაჩივრების ვადები ამოწურულია, მაგრამ მაინც მივმართეთ საოლქოს საჩივრით. მინდა, რომ მხედველობაში ჰქონდეთ აღნიშნული ფაქტი“.

N22-ე უბნის თამჯდომარე გელა ტივაძე ირწმუნება, რომ ეს „დარღვევა არ არის და ოქმის გადათეთრებაზე მდივანი ვარჯიშობდა“

„ეს არის ყველაფერი სიყალბე! ვინ რა გადაიღო არ ვიცი, ეგ ქსეროქსის ოქმი იყო, არაფერი ისეთი, მდივანი ახალი იყო და უბრალოდ ვარჯიშობდა, არაფერი არ მომხდარა, ყველამ იცის იქ ყველაფერი როგორც დაიწყო ისე დამთავრდა მშვენივრად“, – გვითხრა გელა ტივაძემ.

აღნიშნულ უბანზე მაჟორიტარული და პროპორციული  სიით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.