ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმის პროკურორის განცხადებით, შემთხვევის დღეს, 8 ოქტომბერს ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კორპუსის სადარბაზო კარი არ იღებოდა და კედლის დაბლა დაწევა იყო დაწყებული, თუმცა პროკურორის თქმით, მათ აღნიშნულის შესახებ არავის არ შეატყობინეს და კორპუსის გამაგრების მიზნით, ადგილზე რკინის კონსტრუქციები მიიტანეს.
“8 ოქტომბერს, დილის საათებში, როდესაც ბრალდებულები მივიდნენ ობიექტზე, ჩამონგრეულ კორპუსთან, სადაც აპირებდნენ სამუშაოების გაგრძელებას, მათ შენიშნეს, რომ არ იხსნებოდა საცხოვრებელი კარი, სადარბაზო, შესასვლელი კარი. იმიტომ არ იხსნებოდა ეს კარი, რომ კორპუსს უკვე ჰქონდა კედლის დაწევა დაბლა დაწყებული, შესაბამისად, კარი არ გაიხსნა.
მათ ნაცვლად იმისა, რომ ამის თაობაზე ან სახელმწიფო ორგანოებისთვის შეეტყობინებინათ, ან თუნდაც მეზობლებისთვის ეთქვათ — შესაძლებელი იყო, იქ მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადარჩენილიყო — ნაცვლად ამისა, ისინი წავიდნენ, მოიტანეს რკინის კონსტრუქციები, გასამაგრებლად თითქოსდა ამ კორპუსის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვეღარ მოასწრეს. არანაირი შეტყობინება ბრალდებულების მხრიდან სახელმწიფო სამსახურებში იმის თაობაზე, რომ კორპუსს ჰქონდა ნგრევა დაწყებული ანდა არსებობდა ბზარები, მსგავსი არ ყოფილა”, — განაცხადა მან TV პირველის ჟურნალისტთან.
მისი თქმით, ბარლდებულმა რკინის კონსტრუქციები საკუთარი სამუშაო ადგილიდან, სასტუმრო რედისონიდან მოიტანა. თუმცა პროკურორი ვერ აკონკრეტებს, კერძოდ ვისგან წამოიღო ბრალდებულმა აღნიშნული კონსტრუქციები. მისივე განცხადებით, ბრალდებულებს სახელმწიფოსგან არ ჰქონდათ ნებართვა, რომ მზიდი კედლების ნგრევა განეხორციელებინათ. პროკურორის თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ნებართავა მხოლოდ გარე ფასადის სამუშაოებზე არსებობდა.
“ანუ ბრალდებულს ჰქონდა უფლება გარე ფასადის სამუშაოები განეხროციელებინა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ფანჯრების ნაცვლად, უნდა მოწყობილიყო ვიტრაჟი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაცემული ნებართვა და არანაირად არ გულისხმობს ეს მზიდი კედლების მოშლას”, — განაცხადა მან.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.
9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.