ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში გლოვის დღეა

527

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს, 11 ოქტომბერს გლოვის დღეა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მათ შორის, დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე.

გარდა სახელმწიფო უწყებებისა, დროშები დაეშვა დიპლომატიური მისიების შენობებზე, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე.

გლოვის დღე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.