“ევროპული საქართველო” კომპანია “ალმასგან” კონტრაქტის შესრულებასა და მათი ბანერების გაკვრას ითხოვს

260

“ევროპული საქართველო” კომპანია ალმასგან ხელშეკრულების პირობის შესრულებასა და ბანერების გაკვრას ითხოვს. ამ საკითხზე მათ ბრიფინგი გამართეს, სადაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს არის ბოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და ბანერები თბილისში დღის ბოლომდე უნდა იყოს გაკრული.

“დღეს იყო ბოლო ვადა, კონტრაქტით გათვალისწინებული, ამ კონტრაქტზე თვითონ აქვთ ხელი მოწერილი და ჩვენი ხელმოწერაც არის. 5 სამუშაო დღის ვადა არსებობდა, დღეს არის ბოლო დღე, როდესაც უკვე უნდა იყოს გაკრული ეს ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე, მაგრამ მათ არაფერი გაუკეთებიათ ამისთვის, ისინი ცდილობენ, რომ დაიმალონ, კარს არ აღებენ, ტელეფონს არ პასუხობენ, ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ მდგომარეობიდან ქურდულად გამოძვრნენ.

გვინდა, კომპანია ალმას ნათლად ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი, მათი არარეგაირება, მათ შორის, საკუთარი შედგენილი კონტრაქტის დარღვევა, ძალიან ძვირად დაუჯდებათ, ჩვენ მათ დიდ დისკომფორტს შევუქმნით, როგორც სამართლებრივ ნაწილში, ასევე მის გარეთაც”, — განაცხადა ნონიაშვილმა.

კომპანია ალმა სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების კანონით აკრძალვას ითხოვს. 

აღსანიშნავია, რომ “ევროპულმა საქართველომ” ბანერის გაკვრის მოთხოვნით, ალმას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მიმართა. პარტიის ცნობით, გაკვრის ბოლო ვადა 8 ოქტომბერს იწურება. სწორედ ერთი დღით ადრე გაავრცელა კომპანიამ აღნიშნული განცხადება და სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრის შეზღუდვა მოითხოვა.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” ისევ გამოჩნდა, თუმცა. ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი “არა ღალატს”. დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს. ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ ცესკოში საჩივარი შეიტანა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), ერთიანმა ნაციონალურმა და პარტია დროას თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.

თავად კომპანია ალმამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდნენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებდნენ, რომ ე.წ. “სისხლიანი” ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელი იყო. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.

28 სექტემბერს ცესკო-ში განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის მიზეზად უწყებაში ასახელებენ იმას, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა და მათი დამზადება შპს ალმას ფიზიკურმა პირმა დაუკვეთა.

29 სექტემბერს, ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიების კვოტით არჩეულმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო. ის ამბობს, კომისიას ამის შესახებ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ ფორმატში არ უმსჯელოა. სიორიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავად ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას.

ამასთან, 30 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სასახურმა ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსების ხარჯების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებამ კომპანია ალმასგან გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების დამკვეთის, მათი განთავსების ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.