ახალციხეში ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსისა და აუზის მშენებლობა დაახლოებით ხუთი თვეა მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მშენებლობის მთავარი ინჟინრის, ალექსანდრე მელიქიძის თქმით, ამ ეტაპზე სვეტების, დიდი და პატარა აუზის კედლების საყალიბე მასალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნოემბერში სარდაფის გადახურვა დასრულდება.
,,ჩვენი ვარაუდით სადღაც ნოემბრისკენ, ამინდებს თუ შევხედავთ და ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება, მინუსიდან რომ პლუსისკენ ამოვიდეთ, სარდაფი უნდა გადავხუროთ. მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ვადებში ჩაჯდეს“, – გვითხრა მშენებლობის მთავარმა ინჟინერმა.
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამარჯვებულ კომპანიასთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 2021 წლის 26 მარტს 11 404 195 ლარზე გააფორმა.
სამუშაოებს ჩინური კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP” ასრულებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი ტრიბუნები და სავარჯიშო (კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო) დარბაზები უნდა განთავსდეს.
საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, „ჯორჯიანჰაუსს“, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა და დოკუმენტაცია 218 360 ლარად მოამზადა.
ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს, ახალციხის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამწლიანი განკარგვის უფლებით გადასცა.