DRI: გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელს სპეციალური დასახლების სტატუსი უნდა მიენიჭოს

404

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას და საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით მიმართა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება.

„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ გადაწყვეტად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭება მიაჩნია. სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე კი, მიზანშეწონილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ დადგენილი შეღავათები.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების ადგილზე შესწავლა ცხადყოფს, რომ გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელ ადამიანებს მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.

ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებლებს, გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ნაწილში ვერ სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით; მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა; სოფლების დიდ ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები; დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები; მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა; სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია; არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები; სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება“, – ნათქვამია განცხადებაში.