ვალეში, კულტურის სახლის მიმდებარედ, იქ სადაც N10 უბანია განთავსებული, ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე ვალეში მერის წარმომადგენელთან, ელიოზ ბარბლიშვილთან ერთად, არჩევნებზე მისულ პირებს აღრიცხავენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაწესებულ რეგულაციებს იცავს და უბნიდან 100 მეტრის მოშორებით იმყოფება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მაქვს სია, სადაც ჩემი მხარდამჭერებია აღნიშნული. სახელებით და გვარებით, სიას ვერ განახებ, რადგან შენ მიხვდები ვინ არის ჩემი ამომრჩეველი, არ გენდობით და არ განახებთ“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი, დავით ტაბატაძე.
მსგავსი შემთხვევა ქალაქ ვალეში ერთ–ერთ უბანთანაც დაფიქსირდა, ამომრჩევლებს მანქანაში მსხდომი პირები აღრიცხავდნენ.
საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მსგავსი საქციელი ამომრჩევლებზე ირიბ ზეწოლად შეიძლება შეფასდეს.
„მართალია საქართველოს კანონმდებლობით, პარტიას აქვს ამომრჩევლის მობილიზების და ორგანიზების უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, აკონტროლო და ზეგავლენა და ზეწოლა მოახდინო მასზე. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომლის წინააღმდეგაც იქნა შემოღებული უბნიდან 100 მეტრიანი რადიუსით აკრძალვა. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თავისუფლად გადაწყვეტის შესაძლებლობა. თუ მაინც დგანან გამოდის რომ ეს მექანიზმი აზრს კარგავს. ეს ფაქტები ტენდენციის თვალსაზრისით აღირიცხება, რათა საარჩევნო კანონმდებლობა დაიხვეწოს“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.