რუსთავის ციხეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.
როგორც ნინო ლომჯარიამ ციხეში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მას მოინახულებს და მისი, როგორც დაკავებულის პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება.
„ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა და ბევრი კითხვები გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ინფორმაციას. დაკავებულები თავად საუბრობენ ხოლმე ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება მათ შორის პირველადი, სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურეს, რომ აქ იმყოფება.
მე მასთან არ მექნება პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, მოვუსმენ.
ადვოკატებთან კომუნიკაცია არ მქონია და როგორც წესი შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვიკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მოხდება გამონაკლისი”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.