საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მიბილიზებული არიან პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.
რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარომადგენლების გადაადგილებას, დარახველიძის თქმით, აღნიშნული ყოველდღიურად, სტანდარტულად ხორციელდება.
„რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საკითხს, როგორც აღვნიშნე, საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მიბილიზებული არიან პოლიციის შესაბამისი დანაყოფები. რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადაადგილებას, აღნიშნული არის ჩვეულებრივი, სტანდარტული გადაადგილება, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება, შესაბამისად, არანაირ რაიმე სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სააკაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადეს უწყებაში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.